” ზეპირი ისტორია ”...

თიკო გაჩეჩილაძე XI კლასი 
      2014 წლის 21 თებერვალი, ტური სოლოლაკში–„ერთი ქუჩის ისტორია“

ივანე მაჩაბლის სახელობის ქუჩა – ერთ–ერთი ცნობილი და არაფრით გამორჩეული ადგილი სოლოლაკის სხვა ქუჩათა შორის. ყოველ შემთხვევაში სწორედ ასე ვფიქრობდი, სანამ აქ არ „ვიმოგზაურებდი“ ჩემ ისტორიის მასწავლებელ ნინო აბულაძესთან, ირაკლი ხვადაგიანთან („საბჭოთა კვლევის ლაბორატორია“–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი) და ჩემ მეგობრებთან ერთად.
განვმეორდები და აქამდე არც გამეგონა თუ აქ იოსებ ჯუღაშვილი და ლავრენტი ბერია ცხოვრობდნენ... (განსხვავებულ პერიოდებში). ახლა კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს სოლოლაკში ყველაზე სისხლიანი ისტორიის მქონე ქუჩაა. მეტად შემზარავი და მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა აქ მცხოვრებ პოეტთა და საზოგადო–პოლიტიკურ პირთა ისტორიები: რეპრესიების, დახვრეტების, გადასახლებების და წამებების შესახებ.
    პირველი მნიშვნელოვანი, რაც შეცდომად, მაგრამ გამოსწორებად შეცდომად
მეჩვენა ესაა  N6–ში არსებული მემორიალური დაფა (როგორც ჩვენი უფროსი მეგობრისგან და ამ ქუჩის „უცნობი ისტორიების კურიერისგან“ ირაკლისგან შევიტყვე) არა ნოე რამიშვილის არამედ ევგენი გეგჭკორის სახელობის უნდა იყოს, ვინაიდან ამ ქუჩაზე არასოდეს უცხოვრია რამიშვილს! აქ ევგენი გეგჭკორი ცხოვრობდა...

გავიხსენებდი აგრეთვე სახლს, სადაც არაკელა ოქრუაშვილი ცხოვრობდა. იგი იყო წითელი დროშის აღმმართველი, აქტიური პოლიტიკოსი, რომელიც სტალაინის მეგობრადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. 1907 წელს მას აქ იარაღის საწყობი ჰქონია. რის შედეგად გასცეს და დააპატიმრეს ზაქრო ოქრუაშვილთან ერთად. (კატორღაში ჩააგდეს). აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მისი დახვრეტის შესახებ ბრძანებას პირადად „მეგობარს“ მოუწერა ხელი. საინტერესოა რომ (ჩემდა დაუზუსტებელი ვერსიით ეს ნადიმი იყო თუ შიდა კრება) სტალინს გადაუხედავს შემოკრებილთათვის და ირონიით უკითხავს: „ არაკელა სადაა? აქ რატომ არ არისო?!“– ყველა უმალ მიხვდა იოსების ტონსაც და თქმის მოტივსაც.
(მახსოვს აქ ყველას ერთდროულად, უნებლიედ გაგვეცინა, მაგრამ...)
გამოვყოფდი ასევე: მაზნიაშვილის, ილია ფირცხალაიშვილის და მოროზოვის საცხოვრებელ სახლებს, რომლების ამავე ქუჩზეა...
ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მაჩაბელზევე არსებული– ლავრენტი ბერიას ”სასახლეა”. (ახლა ამ შენობაში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფისია). ჩემთვის დამაინტრიგებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ სასახლის წინ განთავსებულ მცირე ბაღში–ქვემოთ ბერიას თავშესაფარი ჰქონია. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ოღონდაც „Под полный“… (როცა ბერია აქ მოდიოდა , ყველა თურმე წამებში ფანჯრებს და დარაბებს ხურავდა. მისი მანქანის ხმაც ზეპირად უნდა სცოდნოდა ყველა მეზობელს, არავინ უნდა შეჩეხებოდა გზაზე შინ მომავალს!!!)

მაჩაბლის ქუჩაზევეა ყველასთვის კარგად ცნობილი მწერალთა სახლი, სადაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე პაოლო იაშვილმა. ულამაზესია მისი შიდა ფასადი და საზაფხულო ბაღი. ამ ბაღში ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენი მწერლები და უცხოელი სტუმრებიც. ის მთლიანად იმეორებს ჩვენი სოლოლაკის არქიტექტურულ მშვენიერებას. კოლონადა, ღია–გალერეა აივნები და მოზაიკური ტიპის იატაკი. ეზოშივეა მემორიელური დაფა .
   
 ამ ბაღს დაბალი კედლით უკავშირდება ეზო, სადაც თურმე თითქმის ყოველი სახლი (ქვედა სართულები) ციხედ გამოიყენებოდა. მაშინ, როცა ვიღაცები მის გვერდით ბაღში ჩაის მშვიდად შეექცეოდნენ, აქ წინა ღამით მოყვანილ ადამიანს აწამებდნენ. აქ, სწორედ მათთვის (ვინც იმდროინდელი პროკურატორისთვის საჭირო ჩვენებას არ მისცემდა) განკუთვნილ ოთახებში ხდიდნენ ტანისამოსს, სრულიად აშიშვლებდნენ, რამოდენიმე დღით კეტავდნენ ყოვლად მშიერებს, უწყლოდ–უსინათლოდ მყოფებს და სიკვდილს მიღწეულთ ქალაქგარეთ წაიყვანდნენ ხოლმე.. ყველაზე ძლიერები და „გაუტეხავები“, რამდენჯერმეც (3–4 ჯერ)კი იყვნენ აქ ნამყოფები. ეს ეზო ყველაზე მეტად მძიმე და მრავლისმთქმელია ჩემთვის!

    მართლაც გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა „მოგზაურობა მაჩაბელზე“ ირაკლი ხვადაგიანთან ერთად! შეუძლებელია ,თითქმის დღის მესამედის მანძილზე მოყოლილი ისტორიების გადმოცემა. ამიტომ შევეცადე ლაკონურად, არაზუსტი ციტირებებით მომეთხრო თქვენთვის ერთი ქუჩის ისტორია. ეს ტური 3–4 საათიან ფილმად მეჩვენა, სადაც ყველა დეტალი სრული სიცხადითაა წარმოჩენილი.

   
დასასრულს- ვიმედოვნებ არ დაკარგავთ ჩემ მიერ თქვენში გაღვივებულ პატარა სურვილს ამ ქუჩის კვლევისთვის, რათა პირადად გაიცნოთ „ჩვენი სოლოლაკის ყველაზე რეპრესირებული  ქუჩა“.







No comments:

Post a Comment